პარტნიორი ორგანიზაციები

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” 1994 წლიდან ჯგუფის სახით არსებობდა, 1996 წლის აპრილში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში,როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.
ასოციაციას ხელმძღვანელობს თავჯდომარე, რომელსაც ორი მოადგილე ჰყავს. ასოციაციის დირექტორთა საბჯო ღებულობს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ საკითხებზე. ასოციაციასთან არსებობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციაში შემავალი ქალთა ჯგუფების ლიდერი ქალებისგან. ასოციაციას ფილიალები გააჩნია ქ. გორში (შიდა ქართლი), წყალტუბოში (იმერეთი), გალის რაიონის ქვედა ზონის სოფ. ნაბაკევში (აფხაზეთი).
ორგანიზაციის მისია:
ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აგრეთვე, ხელს უწყობს იგპ და სხვა უმცირესობათა ჯგუფების განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ახალგაზრდობას.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
•    ქალებისა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლება;
•    მშვიდობის აღმშენებლობა;
•    მცირე ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას;
•    იგპ პრობლემათა ადვოკატირება;
•    გენდერული თანასწორობის იდეის დამკვიდრება;
•    სწორი ინფორმაციის გავრცელება.
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის  ცენტრი
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლიდან აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ორგანიზაციას გააჩნია პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება, შესაბამისი რესურსები პერსონალის, ოფისის და ტექნიკური აღჭურვილობის სახით. ორგანიზაციას აქვს ფილიალი გორში და თელავში. ცენტრს აქტივისტები და მოხალისეთა ჯგუფები გააჩნია როგორც თბილისში ასევე აღმოსავლეთ და  დასავლეთ საქართველოში. 1997 წლიდან სხვადასხვა დროს ორგანიზაციას მხარდაჭერას უწევდნენ დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საქმეებში,  ევროკავშირი (ტასისის პროგრამა), ეუთო, მერსი კორპი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამართლებრივი ინიციატივა (ABA/CEELI), ფონდი “ჰორიზონტი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, “ციხის საერთაშორისო რეფორმა” – PRI.
 კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებას და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ხელშეწყობას.
ცენტრი ადამიანის საყოველთაოდ  აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში  იცავს პირის ინტერესებს საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში ასევე სამართალდამცავ ორგანოებში.  ორგანიზაცია  აწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო დონის კონფერენციებს, სემინარებს და ტრენინგებს. პერიოდულად ატარებს  გამოკვლევებს და მონიტორინგს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ცოდნის ამაღლების მიზნით ცენტრში 1998 წლიდან ფუნქციონირებს  იურიდიული კლინიკა. ცენტრი გამოსცემს იურიდიულ ჟურნალს, სტუდენტურ ბიულეტენს.
ამჟამად ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხდება იმ პირების უფასო სამართლებრივი დახმარება, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და აქვთ შრომით-სამართლებრივი დავები.